ტეგები » ლიტერატურა

ზურა მელიქიძე - ჩვენ ვხტით ცარიელ ოთახებში...

ჩვენ ვხტით ცარიელ ოთახებში

ჩემო ძვირფასო

 

ჩვენ ვყრით ცარიელ ოთახებში

კანის ნამსხვრევებს

 

დრო კი წყვეტს კივილს

დრო კი ყრის ქვირითს

 

ცარიელია შუშის მზე კვლავ

ცარიელ სახლში

 

ცარიელია შუშის ზნე კვლავ

ცარიელ მიწაზე

 

ცარიელ ბაქანზე ცარცის დახლი

პლასტმასის ვალსი

 

ცარიელია ტროტუარზე

ყველა ნაგაზი

 

მე ცარიელი მაუზერი ვარ

უკაცრიელ კუნძულზე

 

ცივი ქალაქი აწყობს აღლუმს

ცარიელი საქანელებისთვის

 

მრგვალი ქალაქი ელის გათენებას

თუნუქის ღამეში

 

მთვრალი ქალაქი ელის

ელეგიას

 

და ვაგონებში მაღალი ძაბვაა

და ვაგონებში ვან გოგის სიცხეა

 

თვალები ტოვებენ ფსკერებს

თვალები ტოვებენ დაღმართებს

 

მაგნიტური თევზი

ფირსაკრავზე ხატია

 

მაგნიტოფონი უჩვეულოდ ცარიელია

ხელს ნუ შეუშლი

 

ქალაქებს ვურტყამთ წრეებს

მე და ბართოლომეო დოჭვირი

 

ბართოლომეო დოჭვირმა იცის

რომ ქალაქი აუღებელი ციხეა

 

მსუქანი წრეა

რომელიც თავაუღებელ შრომას მოითხოვს

 

გვირილის ჩაი გეთაყვა

და გვირილის თუთუნი

 

და გვის

ვირის ნატერფალს სანეპიდ სადგურის მუშაკი

 

და გვის ძილს გულის გულში

ჩემი სიმაძღრე

 

ვირტუალური ფიასკო

კოტონის განიარაღება

 

თავიდან დაბადებისთვის არაფერიც არაა საჭირო

თვით სიკვდილიც კი

 

თაგვად დაბადებისთვის აფიორაა საჭირო

ცოტა მარკეტინგი

 

მთვლემარე დაავადებებს არაფერი აქვთ დასამალი

მაინც არცერთია მონატრებაზე ძაღლიშვილი

 

გალავანს ვირტყამ

ვირტუალური სილაქების ვარიცია

 

გულს ნუ წაიღებ

გულს გუგულივით ვერ დაგუგლავ

 

ტვინი წაიღე

 

უთავბოლოები უნდა გავხდეთ

უთავბოლო წიგნები ვწეროთ

 

უთქმელი შიგანით

უთავმოყვარეო ბოლით

 

ბოლოში რომელიც არ გვექნება

ბლიცით

 

თავში ბოლოკით

უხერხული მომენტების რენტგენით

 

შუალედური შეხსენებები

რეინკარნაცია

 

დავბომბვთ საკუთარ გულებს

გულგრილობით

 

დავბობმავთ ბათინკებს

მოუნელებელი ალკოჰოლით

 

ჩვენ დინოზავრები

ჩვენ მეტასტაზები

 

ჩვენ დამნაშავეები

ურცხვი ერთეულები

 

ერთგული ძაღლები

 

სურვილით

ხტომის ცარიელ ოთახებში

 

სიტყვამფრქვევებით

პირქუში პრინციპებით

 

ბაზარი არაა

ბილიკზე ბისზე ვერ გახვალ

 

ოთახში ანტრაქტზე ვერ გახვალ

ამაში საფერფლეც ვერ დაგეხმარება

 

ჩვენ დანიშნულები ვართ

დაგეშილ დროზე

 

ჩვენ დუელში ვართ

მოძველებული რომანტიზმი მუხლებში გვირტყამს

 

და ვიწყებთ ხტომას

 

წინა ცხოვრების გასაგონად

თუ ჩამოსაბერტყად

 

იატაკები იაღლიშებს არ გვპატიობენ

 

ვწვებით

პატიოსნად

 

ვადებთ ლოყას

პატიოსნად

 

ვადარებთ

ვიბარებთ

ვიპარავთ

ვევედრებით

 

ვამუქებთ

უკუღმა ვისვრით სხეულებს ფანჯრებიდან

 

ბრაზი აღარაა

გათავდა

 

ეს ვიცით

მეც და ბართოლომეო დოჭვორმაც

 

მე ამ იდიოტს ცენტრალ პარკში გადავეყარე

 

მეშინოდა რომ მიცნობდა

მიცნო

 

ეს იდიოტი ნიუ იორკშიც ისეთი იდიოტი იყო

კარგად კი დამაფიქრა

 

ტელეფონის აპარატთან ვიდექით

პატარა კაფეს გადმოსწვრივ

 

შუადღის ბოლოს

ცალფეხა აფროამერიკელი აკორდეოზე უკრავდა

 

მე გულში ვითვლიდი მტრედებს

ასე ვერეოდი ბრაზს შენზე

 

მილიონობით კილომეტრის მიუხედავად

 

სად გავუხვიე

მე ახლა ოთახში ვდგავარ და ვხტი

 

ბრაზი აღარაა

გათავდა

 

ბზარებს თავისი გამართლება თუ არა

უშუალობა მაინც აქვთ

 

მე აქ ბანალური ვარ

ბანანის ქერქზე ბანალური

 

აბანოს ხალათზე ჩვეულებრივი

ღამეზე გულქვა

 

ეს უკანასკნელი მცდელობაა

რამე ვთქვა

 

ტვინში გაყრილი სამართებლის

მეორე მხარეს დასადგომად

 

მე აქ ბრტყელი ვარ

და დღეს ბანკმა პენსიის სესხი არ მომცა

 

ასე მთავრდება ჩემი ნიუ იორკის დღიურები

დილა მშვიდობისა

 ვ

სიტყვები

თორნიკე სიბაშვილი - ხვალ პაპაჩემი უნდა დავმარხოთ...

***

ნესტით გაჟღენთილი ფიქრებიდან კოშმარები იჩეკებიან.
ძილი აღარ მემორჩილება.
ეს შეიძლება იყოს უარესი, ვიდრე სირბილი ბნელ ლაბირინში.
ღამით, როცა ცა იხსნება ვარსკვლავებს ვიპარავ,
რომ ლამაზი სიზმრები დავამწიფო სათბურში,
რომლის ვენტილაციაც ძვირი მიჯდება.
ძილი აღარ მემორჩილება.
საინტერესოა, რა დარჩა, რომლითაც იფიქრებ ჩემზე.
სიტყვები უკვე ჩალაგდნენ ჩემოდნებში.
ტორსტერში შიშინებს ყველი. დნება ამინდები.
მე ახალი ენა უნდა ავიდგა.
გთხოვ, გამომიცხვე ალუბლის ტორტი.
ძილი აღარ მემორჩილება.
იცი, ყურადღებით უნდა გაეცნო ანოტაციას, ვიდრე მორიგ სხეულს შეიძენ.
და ნუ დარჩები ადამიანში, თუმცა ჩვენ, ბევრ რამეზე გვიწევს თვალის დახუჭვა.
ჟანგიანი ლურსმანიც ივარგებს ეპიტაფიის ამოსაკაწრად კლდეზე,
რომლის უკანაც მზე ჩაესვენა.
ძილი აღარ მემორჩილება.
ყველა არალეგალური სიზმარი უნდა იყოს განადგურებული!
ჩვენ მას კედელთან მივაყენებთ!
ხანდახან საუკეთესო დღეებიც დგება, ნაჩქარევად იცვამს და მიდის.
შენ გამომიცხობ ალუბლის ტორტს.
ჩემ ბავშვობაში ტორტებს სხვა სახლების სამზარეულოებში აცხობდნენ.
ჩემ ბავშვობაში ტორტებზე სხვა ბავშვების სანთლები ენთო.
ჩემ ბავშვობაში ტორტებში იყო ალუბლის წვენი.
და ეს სხვა ბავშვების სათამაშო იყო.
გთხოვ, გამომიცხვე ალუბლის ტორტი.
ძილი აღარ მემორჩილება.
სიზმრები გავიდნენ ჩემი კონტროლის ზონიდან.
მაგრამ მე შემიძლია ახალი სიზმრების დამზადება.
მე შემიძლია ძველი ფიქრებიდან ამოვქექო ახალი სიზმრები.
თუმცა ამას არ გავაკეთებ.
მე სიზმრებს დავამზადებ შენიდან, ქირურგიული სიზუსტით.
ჩვენ საოცრებების ჩადენა შეგვიძლია.
გთხოვ, გამომიცხვე ალუბლის ტორტი.
ძილი აღარ მემორჩილება.
მოდი, ხელი შევუწყოთ გენდერულ კვოტირებას ფოსტაში,
რომ ჩვენც კაი ტიპები ვიყოთ.
მოდი მივაფსათ მეწამულისფერი ვარდების ბუჩქებს
და პიჯაკებს უთო არ მივაკაროთ, რათა ისინი არ გაშტრიკინდნენ.
იყავი ჩემი საწოლის მეზობელი.
მე ჩავიწერ შენ სიზმრებს და მერე მათ გაანალიზებას შევეცდები.
მე დავნერგავ ახალ ტენდენციებს იაფფასიანი სასტუმროების ადმინისტრატორებთან.
მე გავხდები ალამი, რომელსაც გამოიყენებ ბრძოლის დროს.
გთხოვ, გამომიცხვე ალუბლის ტორტი.
ძილი აღარ მემორჩილება.
ჩემი ყვავილებიანი ბალიში მოჩვენებების თავშესაფარია.
ჩვენ მათ მოვუწყობთ ვატერლოოს, ჩვენ ავაფეთქებთ დამაკავშირებელ ხიდებს,
ჩვენ მათ მოვუწყობთ ვატერლოოს, ჩვენ გადავუკეტავთ მომმარაგებელ გზებს,
ჩვენ მათ მოვუწყობთ ვატერლოოს, ემიგრანტი სიზმრებიდან ჩვენ დავიქრავებთ ერთგულ გველეშაპებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ვატერლოოს მოვუწყობთ.
გამომიცხვე ალუბლის ტორტი.
ძილი აღარ მემორჩილება.
ნაბახუსევის სიმშრალეში ქვიშის ობობები გამრავლებისთვის ირჯებიან.
ჩემი ტოლერანტული აღქმა ძალადობის უცნაურ სურვილს ემორჩილება.
კედლებზე, მთვარის შუქის განათებაში, ჩემი მკვდარი ძმაკაცები ერთმანეთს კლავენ.
თუ აღმოაჩენ ახალ სინდრომს, დამიკავშირდი.
და გამომიცხვე ალუბლის ტორტი, რომელის საიდუმლო ინგრედიენტი შენი ტუჩების გემო იქნება.
და მიმასწავლე გზა, რომელზეც შედარებით დაბალი და მყიფე დგას კედელი.
სადაც სიჩქარის შემზღუდავ ნიშნულზე შევანელებ.
სადაც უფსკრულში არ ჩავიჩეხები.

იცი სად შეიძლება ახალთახალი სიზმრების გამოწერა?
გთხოვ, გამომიცხვე ალუბლის ტორტი.

***

ნოემბრის ცა იჭირხლება.
ხვალ პაპაჩემი უნდა დავმარხოთ.
ხვალ პაპაჩემი გაუძღვება პროცესიას უმეტყველო სახეებით სავსე არენისკენ.
იქნება ცირკი. ალეე. ალეე.
ნოემბრის ცა იჭირხლება.
როგორ უნდა იქცე ხორცის ნაგლეჯად?!
როგორ უნდა წახვიდე ადამიანიდან?!
– შესაძლებელია მისაღებში გასვლა და ამ ყველაფრის გადამოწმება.
რაზე შეიძლება ფიქრობდეს კაცი, ძვირადღირებული კუბოს სიღრმეში?!
ნოემბრის ცა იჭირხლება.
ჩემი ძმობილი ნერვიულად ათამაშებს დამასკურ დანას.
– ალბათ პაპაჩემსაც ჩამოუკრავს აბაზანაში.
ალბათ პაპაჩემსაც ჩამოუფხიკავს სპერმა ბანჯგვლებიდან.
– არ არსებობს სინთეტიკური ნარკოტიკი.
არ არსებობს ჰეროინი.
არ არსებობს პლანი.
– არსებობს ცურვა ოკიანის ბნელ სიღრმეებში.
არსებობს მსხვრევა ბურუსით სავსე სარკეში.
არსებობს შოგრენის სინდრომი.
ნოემბრის ცა იჭირხლება.
საგანგებოდ უნდა მოვემზადო ხვალინდელი წარმოდგენისთვის.
უკანასკნელად უნდა დავუკრა ტაში პაპაჩემს.
როდემდე მოიკატუნებს თავს?!
შესაძლოა ყველაფერი მიზანსცენის ნაწილი იყოს და ფარდის დაშვებისას
ჩემმა ნარკომანმა ძმობილმა აღფროთავნებით წამოიძახოს – ავე!
და მადლიერმა პაპაჩემმა თავი დაუკრას.
ორგანიზებულად უნდა დავმარხოთ პაპაჩემი.
მოწვეული სტუმრებისთვის განგებ ჩამოვუშვათ ცხვირები,
დავდგათ – მდუმარე შუადღის სიცივით სავსე მდუმარება.
– „მას მოტყნული ყავს ქალები პარიზში.
ის ამაყობდა, რომ მოტყნული ყავს ბოზები პარიზში.
თუმცა ეთაყვანებოდა ბებიაჩემის ძუძუებს.
მისთვის ბებიაჩემის მკერდი ისტორიულ მოვლენად იქცა.
პაპაჩემი ამაყობდა, რომ იყო კერპთაყვანისმცემელი
და ბებიაჩემის სრულქმნილი მონუმენტი იყო მისი რწმენის საწყისი.“
– გამოსათხოვარი სიტყვა უნდა იყოს ნამდვილი.
– რა თქმა უნდა. – მეთანხმება ჩემი ძმობილი. –
მაგრამ ისევე, როგორც არ არსებობენ ანგელოზები
არ არსებობენ ბოზებიც, სირო!
ნოემბრის ცა იჭირხლება.
ხვალ პაპაჩემს დავასაფლავებთ.
მთელი ოჯახი საგულდაგულოდ ჩავფლავთ მიწაში
და ერთმანეთს ვეღარ ავიტანთ.
იფრინე.
ჯერ კიდევ არ შეკრულა ცა.
ჯერ კიდევ შეგიძლია გადარჩენა.
ვიდრე ნოემბრის ცა გაიყინება.
ღმერთს უთხარი, რომ ანგელოზებს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდათ.
რომ ტაძრების გამრუდებული სივრცეებიდან ისინი კონდიცირებამ გაიწოვა
და ახლა ძვირადღირებული ავტომანქანების გამყოლებად გარდაისახნენ.
ნოემბრის ცა იჭირხლება.
ხვალ პაპაჩემს გავიდებთ მხრებზე.
ხვალ ყველა საკუთარ წუხილს გაითამაშებს.
და ეს წუხილი და ჩუმი გმინვა გადაიქცევა საყოველთაო შიმშილში.
და გემრიელად ვისადილებთ ყველა.
და მერე ტუალეტის კაბინაში გავაკუებთ.
და მერე ხოშიანად დავაბოყინებთ.
– ნუ შეეხები ხვალინდელ დოზას!
– სასაცილოა, საკუთარი სიკვდილი გაითამაშო იმისათვის,
რათა ეს იყოს დიდებული რამ.
– იქნებ მეც ამ გზას ვადგავარ?!
ჩემი გაყვითლებული კანი კაუჩუკის თხელი ფენაა.
ჩემი გამომშრალი ძვლები პროტოსფირენას ფხებია.
ჩემი თვალები. ჩემი თვალები ყაყიანი საკნის ვიწრო სარკმელი.
იქნებ ისეთივე ხელოვნური ვარ, როგორც ორგაზმის გადავადება,
როცა ცდილობ ნახევრად გახრწნილ ძაღლზე იფიქრო.
იქნებ მეც შემიძლია სუნთქვის შეკავება.
იქნებ მეც შემიძლია ვიპოვო კერპი და თაყვანი ვცე.
იქნებ მეც შემიძლია გამოვცურო
და მონადირებული ვეშაპი ვუფეშქაშო ერთ მაგარ ნაშას,
ვისზეც მთელი უბანი ანძრევს.
შესაძლოა, იმაზე ხელოვნური ვიყო, ვიდრე ხელოვნური თმა,
ვიდრე ხელოვნური მკერდი, ვიდრე ხელოვნური ფალოსი.
– შესაძლოა, ხაზი დაგკლდა.
ნოემბრის ცა იჭირხლება.
ხვალ პაპაჩემს გავიდებთ მხრებზე
და უტყვი სახეების ყულაბაში ჩავფლავთ.
და მერე გემრიელად ვისადილებთ.
და მერე დავლევთ.
და მერე გემოზე ამოვაბოყინებთ.
პაპაჩემი იდება კუბოში და ბევრს იცინებს.
ბევრს იცინებს დაკუთარ თავზე.
ბევრს იცინებს საკუთარ შვილებზე.
ბევრს იცინებს ჩემზე.
ბევრს იცინებს ღმერთზე.
და როცა სიცილისაგან მუცელი ეტკინება
და როცა თვალები ეტკინება
და როცა მიწის სიცივე ძვლებში გაუჯდება,
დაიძინებს.
რომ ისევ განაგრძოს მონსტრებთან ბრძოლა
და პერიოდულად ძუძუების სიდიადით დაკბეს.
სიზმარში.
ჩვენ ვიტყვით – ბღოსთ!

სიტყვები

ერასტ ფანდორინის თავის დაკვრა

თუ მთელი სამყარო თეატრია, მაშინ ოდესმე ფარდაც უნდა დაეშვას… ასეთია თამაშის წესები. რაც უნდა გრძელი იყოს სპექტაკლი, ფინალი მაინც დგება და სულ ბოლოს სცენაზე უკვე ახლობლებად ქცეული გმირები გამოდიან, რათა თავი დაგვიკრან…

ლიტერატურა

სიზმართმჭერი

უცხოპლანატელების მიერ დედამიწის დაპყრობაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? და რამდენი ფილმი გინახავთ? ალბათ უამრავი. ეს თემა უკვე ერთგვარად გაცვეთილიც კია… მხოლოდ სტივენ კინგი თუ მოახერხებს იმას, რომ კიდევ ერთხელ “შეგვითრიოს” ასეთ სამყაროში -უფრო სწორად, სამყაროთა შორის გამართულ ომში…

ლიტერატურა

ემოციკონი - თეონა კომახიძე

მოიწონეთ გვერდი „ სიტყვები“, რომელიც ეხება თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებსა და  სოციალურ აქტივიზმს. 

ემოციკონი

ამბობენ გვტანჯავს ძლიერი დაბრმავება
ნისლში მცურავი ეთეროვანი სულები
მოითხოვენ ჩვენთან შეუღლებას

სიტყვები

დაგლას ადამსი და გრეემ ჩეპმენი - ჩინგიზ-ყაენის პირადი ცხოვრება

თარგმანი: ბექა არაბული

ცხენოსნების უკანასკნელი რაზმეული კვამლში გაუჩინარდა და მათი ფლოქვების ხმაური ნაცრისფერ სიშორეში მიიკარგა.
გარშემო იდგა კვამლი, რომელშიც ოდნავ ატანდა დასავლეთ ცისკიდურზე ღია ჭრილობასავით გამოკიდებული ჩამავალი მზე.

ლიტერატურა

ლიზბეთ სალანდერის შურისძიება

ლიზბეთ სალანდერი კიდევ ერთხელ დაბრუნდა! დიახ, ის ისევ ჩვენთანაა და ისევ მზადაა იმისთვის, რომ შური იძიოს მათზე, ვინც ბავშვობა დაუნგრია… და დაეხმაროს, მათ, ვისაც საფრთხე ემუქრება… ეს ორი რამ ხომ მისი ცხოვრების მიზანია. აბა, რა გასაკვირია, თუ ბოლო გმირობის შემდეგ (პატარა ბიჭი რომ გადაარჩინა) ციხეში აღმოჩენილი ლიზბეთი “ადათ-წესების” მსხვერპლად ქცეული ბანგლადეშელი გოგონას ხსნას ეცდება და ამისთვის ქალ-განგსტერსა და აგრესიულ ისლამისტებს დაუპირისპირდება… არც იმაშია რაიმე ახალი, რომ ის საკუთარი წარსულის გამოძიებას აგრძელებს (რომელიც თურმე არნახული ექსპერიმენტის შედეგი ყოფილა) და არც ერთ-ერთი საყვარელი ადამიანის (სახელს, რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ) სიკვდილს პატიობს მკვლელებს… მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი ცხადზე ცხადია, ლიზბეთ სალანდერის მორიგ თავგადასავალს თვალს ვერ მოსწყვეტთ და ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავთ… ეს ხომ ლიზბეთია – ყველაზე მაგარი გოგო თანამედროვე ლიტერატურაში…

ლიტერატურა